საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, IPN-სთან საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა საქართველოსთვის სიგნალია, რომ ჩვენი პერსპექტივიდან თქვენ ევროკავშირს შორდებით და რა თქმა უნდა, ეს სანქციაა, ეს შედარებით მსუბუქი სანქციაა. [დიპლომატიურ პასპორტებზე რეგულაციის ამოქმედება] გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.“
„ჩვენც ამ ნაბიჯს მივყვებით, რადგან ეს გასულ წელს ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო, შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის.
ეს თითოეულ სახელმწიფოში უნდა იყოს ინტეგრირებული ჩვენს საკუთარ სავიზო რეგულაციებში. ასე რომ, ზოგჯერ ამას ცოტა დრო სჭირდება, თუმცა ეს გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში იქნება. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ამიტომაც ვუყურებთ საქართველოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად. ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, იზომება ევროკავშირის სტანდარტებით და რასაც მთელი გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, არის ის, რომ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირს.
საქართველო უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს და მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიღებით, სხვა ქმედებებით, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და დეზინფორმაციის გავრცელებით და დეზორიენტაციით ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირზე ცუდად საუბრობენ. ასე რომ, თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რატომ საუბრობთ ასე ცუდად მასზე? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.
ხოლო საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ ერთმანეთთან პრობლემა გვაქვს, რაღაც სიგნალები უნდა მივცეთ. დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა საქართველოსთვის სიგნალია, რომ ჩვენი პერსპექტივიდან თქვენ ევროკავშირს შორდებით და, რა თქმა უნდა, ეს სანქციაა. ეს შედარებით მსუბუქი სანქციაა“, – განაცხადა ფიშერმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ესტონეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შემოსვლას აუქმებს.
ფიშერის სრული ინტერვიუ წაიკითხეთ ბმულზე.