რომის ახალ, 267-ე პაპად ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი აირჩიეს. საეკლესიო სახელად მან ლეო XIV აირჩია. ცნობილია, რომ 69 წლის პრევოსტი ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. ის ილინოისის შტატიდანაა.
მსოფლიო გამოცდილების მქონე ლიდერმა კარიერის დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში მისიონერად გაატარა და ბოლოს ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიის (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა) პრეფექტად დაინიშნა. მოსალოდნელია, რომ ის პაპ ფრანცისკეს რეფორმებსაც გააგრძელებს.
ის ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა პერუს ტრუხილიოში, ხოლო მოგვიანებით დაინიშნა ჩიკლაიოს ეპისკოპოსად, რომელიც პერუს კიდევ ერთი ქალაქია, სადაც 2014 წლიდან 2023 წლამდე მსახურობდა. პრევოსტს ასევე აქვს პერუს პასპორტი და 2015 წლიდან პერუს მოქალაქეა.
ეპისკოპოსთა დიკასტერიის ლიდერად დანიშვნის შემდეგ, Vatican News-თან ინტერვიუში პრევოსტმა განაცხადა: “მე კვლავ მისიონერად მივიჩნევ თავს. ჩემი მოწოდებაა, ისევე როგორც ყველა ქრისტიანის, მისიონერი ვიყო, სახარება ვაქადაგო ყველგან, სადაც კი ადამიანი იმყოფება”.