აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა, რათა მან ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს, არის თანამედროვე დათმობის პოლიტიკა.“
შტატების ექსპრეზიდენტმა განაცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და „ვინც ფიქრობს, რომ ის გაჩერდება“, თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რაიმე ტერიტორია დაუთმეს, „უბრალოდ სულელია“.
„უბრალოდ არ მესმის, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ თუ ჩვენ ნებას დავრთავთ დიქტატორს, ბანდიტს, გადაწყვიტოს, რომ აიღოს მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისა, რომელიც მისი არ არის, ეს მას დააკმაყოფილებს. არ მესმის“, – თქვა ბაიდენმა.
„ბიბისიმ“ ექსპრეზიდენტს ასევე ჰკითხა ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებზე, რომელიც უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, კიევის მხრიდან, შესაძლოა, ტეროტორიების დათმობა იყოს საჭირო.
ბაიდენმა თქვა, რომ ეს არის თანამედროვე დათმობის პოლიტიკა.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში აშშ-ევროპის ურთიერთობების გაუარესების შესაძლებლობით, რაც მისი თქმით, „შეცვლიდა მსოფლიოს თანამედროვე ისტორიას“.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ „ევროპა დაკარგავს რწმენას ამერიკის სიმტკიცისა და ლიდერობის მიმართ“.