2 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მცირეწლოვანი ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ დაიდება. ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
„ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, აღებული იქნა ყველა ქიმიური კვლევისათვის ორგანოები, სისხლი ქიმიური გამოკვლევისთვის. ვიზუალური დათვალიერებით რაიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ.“, – ამბობს დავით მერაბიშვილი.
ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გუშინ, 5 მაისს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როცა აღმზრდელი გასაღვიძებლად შევიდა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში დახვდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.