რომის პაპის ასარჩევად კარდინალები 7 მაისს შეიკრიბებიან. ახალი პაპი უნდა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებისგანაც შედგება კარდინალების კოლეგია. მათ უშუალოდ პაპი ნიშნავს და, როგორც წესი, ეპისკოპოსებად აკურთხებენ. გარდა ამისა, ყველა კარდინალი კაცია.
ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას მიიღებს 80 წლამდე ასაკის 133 კარდინალი, რომლებიც დებატებს გამართავენ. ამის შემდეგ ისინი ხმას მისცემენ სასურველ კანდიდატს მანამ, სანამ ერთი სახელი მათი ორი მესამედის მხარდაჭერას არ მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ კარდინალების 80% თავად პაპ ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული, მათი უმეტესობა პირველად ირჩევს პაპს. ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა ნახევარზე ნაკლები ევროპელი იქნება.
თავად კონკლავი ადგილობრივი დროით 16:30 საათზე, მე-15 საუკუნის სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება. ამასთან, ხმის მიცემა არაერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულა. უცნობია, შეძლებს თუ არა კონკლავი გადაწყვეტილების პირველივე დღესვე მიღებას.
გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც სიქსტეს კაპელის ზემოთ მდებარე ბუხრიდან ხმის მიცემისა და ბიულეტენის დაწვის შემდეგ გამოდის. თუ კვამლი შავია, ეს ნიშნავს, რომ კონკლავმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლო და კენჭისყრა გრძელდება. თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოდის, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.