ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნობილში, ათასობით ჰექტარი მიწა საფრთხის შემცველი იყო. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ტერიტორიას არ ამუშავებდნენ. მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მიწა მოსავლის მოსაყვანად უსაფრთხოა.
კვლევა ინგლისის პორტსმაუთის უნივერსიტეტისა და უკრაინის აგრარული რადიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ახალი მეთოდები შეიმუშავეს, რათა 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიტოვებული ტერიტორია ახლიდან შეეფასებინათ.
რადიოაქტიური დაბინძურების გამო ჩერნობილის მიწების გამოყენება ათწლეულების განმავლობაში ოფიციალურად იყო აკრძალული. კატასტროფის შემდეგ ჩრდილოეთ უკრაინის დიდი ტერიტორია სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელად გამოაცხადეს. ბირთვული რეაქტორის ირგვლივ 4 200 კმ2 “ჩერნობილის აკრძალული ზონაა” და დღემდე მიტოვებულია. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ნაკრძალია.
არსებობს სხვა, 2 200 კმ2-იანი, ტერიტორიაც, რომელსაც “სავალდებულო გადასახლების ზონა” ჰქვია. ეს ადგილი მიტოვებული არაა — ხალხი კვლავაც ცხოვრობს, სკოლები და მაღაზიები ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, მიწების გამოყენება ან ინვესტირება ოფიციალურად აკრძალულია.
ტერიტორია ცეზიუმითა და სტრონციუმით არის დაბინძურებული. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მიწა შეიძლება დასამუშავებლად უსაფრთხო იყოს. ჩერნობილი ოფიციალურად მიტოვებული დარჩა, თუმცა ზოგიერთმა ფერმერმა მოსავლის მოყვანა მაინც გადაწყვიტა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილის დამუშავება უსაფრთხოა.
კვლევის ფარგლებში ჟიტომირის ოლქში საცდელად 100 ჰექტარი მიწა შეაფასეს. მეცნიერმა ნიადაგში დაბინძურების დონე მარტივი პროტოკოლით განსაზღვრეს, რომელიც თავადვე შექმნეს. ასევე დაადგინეს, რამდენად შეიწოვს რადიოაქტიურ ნივთიერებებს მცენარეები, მათ შორის: კარტოფილი, მარცვლეული, სიმინდი და მზესუმზირა.
ნიადაგის ნიმუშების ანალიზით გაზომეს გარე გამა გამოსხივებაც. დადასტურდა, რომ სოფლის მეურნეობის მიმდევრები იმაზე გაცილებით დაბალი დოზის დასხივებას იღებენ, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების ზღვარია. იგი ასევე მცირეა იმ გამოსხივებასთან შედარებით, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო ბუნებრივად გვხვდება. კვლევამ აჩვენა, რომ მრავალი ტიპის მოსავლის მოყვანა შეიძლება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე აიკრძალა; თავისთავად, ეს უკრაინის კვების უსაფრთხოების წესების დაცვით.
“ეს კვლევა იმ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც ჩერნობილის კატასტროფამ დააზარალა. 1986 წლიდან ჩერნობილთან დაკავშირებული გამოსხივების რისკებზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს მიტოვებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე უარყოფითად აისახა. ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა, რომ მიწების მოხმარება მოსახლეობისთვისა და მიწის დამმუშავებელი მუშებისთვის უსაფრთხოა”, — აცხადებს კვლევის ავტორი, პროფესორი ჯიმ სმიტი.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ნაშრომი რადიოაქტიური დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას სხვა ტერიტორიებზეც გაამარტივებს. მათი აზრით, სწორი მიდგომითა და მოსახლეობის ჩართულობით უკრაინას შეუძლია, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიბრუნოს.
“ეს მხოლოდ ჩერნობილს არ ეხება”, — დასძინა პროფესორმა სმიტმა — “ეს ნიშნავს მეცნიერებისა და ფაქტების გამოყენებას იმისთვის, რომ ადამიანები დავიცვათ და ის მიწა არ დავკარგოთ, რომლის გამოყენებაც რეალურად უსაფრთხოა”.