აქციების დროს დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა – ახალგაზრდა კაცმა მოსამართლეს კიდევ ერთხელ აუხსნა, რა ვითარებაში დააკავეს და როგორ მოქმედებდა პოლიცია მაშინ, როდესაც დემონსტრანტები მათ “რუსების მცველებს” ეძახდნენ.
“ფროდაქშენ სტუდიის” დამფუძნებელმა მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის აბსურდულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმს მისი ბიზნესის განადგურება სურს.
“რუსებს მოსწონდათ ეგ კანონი და ჩვენს ევროპელ მეგობრებს არ მოსწონდათ. მარტო მაგიტომ ვეძახდით ჩვენ უცხო კანონს. ამ ყველაფრის ფონზე, მივედით და გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. იქ მყოფ პოლიციელებს ვეძახდით ხმამაღლა “რუსების მცველებს”, რაზეც ისინი ბრაზდებოდნენ, გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ. აქციის დროს ბევრი ადამიანი წიხლ ქვეშ გაიგდეს, ბევრ ადამიანს თავ-ყბა დაუმტვრიეს.
რაც შეეხება პატივცემულ ალექსანდრე ოხანაშვილს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, იმიტომ, რომ თვალით არ მინახავს. თუ თქვენ ალექსანდრე ოხანაშვილს უჯერებთ სიტყვაზე, რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ გთხოვთ მეც დამიჯერეთ და ვაღიარებ, რომ ამერიკის პრეზიდენტი კენედი მოვკალი მე. არ ვიცი, ნუ ვაღიარებ და მაგაზეც გამასამართლეთ იმიტომ, რომ თუ იმას უჯერებთ, რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ კენედის მკვლელი ვარ მე. ცდილობენ, რომ ჩემი ბიზნესი გაანადგურონ”, – ამბობს გიორგი ოკმელაშვილი.
ცნობისთვის, რუსული კანონის აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა და ის დამნაშავედ სცნო.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
შეგახსენებთ, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.