ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“სააკაშვილს რომ ციხეში რამე დაემართოს !!! – მარტო ეს აზრი მიტრიალებს თავში. მაგრამ ვერცერთ ჯერზე წინადადებას ვერ ვამთავრებ – იმიტომ, რომ დღეს საერთოდ ვერაფერს ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვაცნობიერებთ რა უკიდურესად საშიში ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ. ვერ ვაცნობიერებთ ამ მომენტის წარმოუდგენელ ტრაგიზმს და ისტორიულ უსამართლობას – ვისი ხელით შეიძლება მოკვდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა!” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ციხიდან მორიგი მიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მედიას მისმა ადვოკატმა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
“მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს- პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშილი უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს. გუშინ მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.