ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტი წარადგინა. პროექტი ევროპარლამენტის ვებგვერდზეც არის წარმოდგენილი. ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 აპრილია.
ანგარიშში გამოთქმულია სინანული, რომ ვერ მოხდა ევროინტეგრაციის ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება და არის მოწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ დააწესონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკანდახევაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე
- ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა სინანულს იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც მინიჭებული იყო საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისათვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა; ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო წინ არ წასულა და, ფაქტობრივად, უკანდახევაც კი განიცადა კომისიის მიერ მითითებულ ცხრა ნაბიჯის ძირითად დებულებებში, მიუხედავად ხელისუფლების საპირისპირო მტკიცებისა; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი;
- ევროპარლამენტი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც გრძელდება ხელისუფლების მხრიდან სასტიკი დარბევის მიუხედავად;
- ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივ რეპრესიებს; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ახლახან მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას; მოუწოდებს გამოიძიოს ყველა ძალადობრივი აქტი და მოხდეს პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა;
- ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი აუდიტის აუცილებლობას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით; ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს კომისიას, გადახედოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას საქართველოს მიერ მისი ვალდებულებების დარღვევის ფონზე მე-2 მუხლში განსაზღვრულ ზოგად პრინციპებთან, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით; იმეორებს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობის პირობითი შეჩერება და შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიები;
- ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ მაღალი დონის მმართველი პარტიის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია რეგულარულად ავრცელებენ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ;
- ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმ როლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში დემოკრატიული უკანდახევის და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებით; ამიტომ, მოუწოდებს დაწესდეს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ და ევროკავშირში მოხდეს მისი ცნობილი აქტივების გაყინვა;
- ევროპარლამენტი იმეორებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დამკვირვებელთა მონიტორინგით, რათა გარანტირებული იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი;
- ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაარსებულ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას; წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან;
- ხაზს უსვამს, რომ ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის უფლებამოსილების არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება; მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით; აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას;
- გმობს საქართველოს აქტიური სამოქალაქო სექტორის გარემოს განგრძობით და განზრახ განადგურებას ხელისუფლების მხრიდან უცხოური გავლენის, მუქარისა და სტიგმატიზაციის შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებით; მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა; ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე და ამიტომ სთხოვს კომისიას დაუყოვნებლად გაზარდოს მხარდაჭერა.
- ევროპარლამენტი იმეორებს, რომ ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს; ხაზს უსვამს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვნების არარსებობამ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ, ვისაც სურს მიიღოს შესაბამისი და ეფექტური ზომები ამის გაკეთებაში; მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას შეკრიბონ თანამოაზრე წევრი სახელმწიფოები კოორდინირებული მოქმედებების განსახორციელებლად და ამით გადალახონ პოლიტიკური დაბრკოლებები ევროკავშირის მასშტაბით სანქციების მიღებაში;
- მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე შემოიღონ პერსონალური სანქციები ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, ოფიციალური პირების და რეჟიმის ხელშემწყობების წინააღმდეგ ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, მართლმსაჯულების სისტემაში და სამართალდამცავ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკანდახევაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. მიესალმება ორმხრივი სანქციების შემოღებას ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთისა და გერმანიის მიერ;
- მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, როგორც პირველი ნაბიჯს საქართველოში მუდმივი ნეგატიური მოვლენების საპასუხოდ; იმეორებს თავის მოწოდებას კომისიისა და საბჭოს მიმართ გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ არ დაკმაყოფილდება შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ;
- ევროპარლამენტი წუხს, რომ საქართველომ არ მიაღწია პროგრესს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ საქართველოს შესაბამისობის დონე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან რჩება საოცრად დაბალი, რაც აჩვენებს ევროინტეგრაციისადმი ერთგულების ნაკლებობას.
- ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის, ბელორუსის და ირანის წინააღმდეგ სანქციების დიდ უმრავლესობას. მაგრამ მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად;
- ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტია არღვევს ათწლეულების წინსვლას ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანებისკენ და საქართველოს აშორებს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას მთელი პროცესის განმავლობაში;
- ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ქართული ოცნების მთავრობის რუსეთთან დაახლოებითა და თანამშრომლობით, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ოკუპაციისა; გმობს ქართული ოცნების მიერ რუსული დეზინფორმაციისა და მანიპულირების პროპაგანდას;
- ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ შეჩერდა 30 მილიონი ევროს ღირებულების ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა და 2025 წლისთვის არანაირი მხარდაჭერა არ იგეგმება;
- ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს გაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას.