ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის საკითხზე წერს:
“ვერ მივცემ თავს უფლებას და ვერ შევძახებ ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლების ციხეში მყოფ მიშას, რომელიც უვადო უშიმშილობას აცხადებს და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, – მიდი მიშა, მაგარი ხარ!
მიშა კია მაგარი, მაგრამ ჩვენ – ვისი გულისთვისაც გადადო მან თავი, რას ვაკეთებთ იმ საქმისთვის, რისთვისაც მიშა თავს წირავს – აქ ვაკაკუნებთ?!
ვიყოთ ყველა მაგრები! ყველა!
ჩვენი სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა! სირცხვილი!,” – წერ სარიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის 2 საქმე – ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო, თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა ორი წლისა და სამი თვის ვადით.
გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.
რაც შეეხება სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან.
„იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეს, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
ყოფილმა პრეზიდენტმა 1-ელ ოქტომბერს სოციალური ქსელში მეშვეობით მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იმყოფებოდა. მოგვიანებით მან 2 ვიდეო გამოაქვეყნა.
მმართველი გუნდი აღნიშნულ ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ ექს-პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
გამოძიება სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასაც ედავება, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და მის შეწყვეტას არ აპირებს, ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა პენიტენციური დაწესებულები ექიმებსაც აუკრძალა.
იგი თავს პოლიტიკურ და “პუტინის” პირად პატიმრად მიიჩნევს.
https://mix.metronome.ge/22076-2/
https://mix.metronome.ge/22134-2/