მუხროვანის სამხედრო ამბოხების ბრალდებით, ქუჩაში ჩაცხრილულმა პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა.
„მას შემდეგ რაც ეს მასხარა, მაწანწალა, ბოროტი კაცი აიყვანეს, გიას სახლს არავინ ახსენებს. რატომღაც, ახსენებენ ვალერი გელაშვილს და დანარჩენებს. გიას საქმე რატომღაც მიივიწყეს. მიშას პირველი სიტყვები იყო „მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო“ და სწორედ ეს იყო მისი ლიკვიდაციის ბრძანება“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
ლია კრიალაშვილი ითხოვს ხელისუფლებისგან, ყოფილი პრეზიდენტი მისი ძმის მკვლელობისთვისაც გასამართლდეს.
მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საკადრის სასჯელს არ მოიხდის, მთელი საქართველო გარეთ გამოვა.
„მთელი საქართველო გამოვალთ გარეთ თუ საკადრის სასჯელს არ მოიხდის. ჩემი ძმის საქმეზე არავინ გაუსამართლებიათ, უფრო მეტიც, დააწინაურეს და დღეს თანამდებობაზეა. მოვითხოვ, ყველა დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს. ჩემი ძმა სამიზნე იმიტომ გახდა, რომ არასდროს ეგუებოდა უსამართლობას. ძალიან გამწარებული იყო 7 ნოემბრის გამოც და ყოველთვის იძახდა, მიშას პასუხი უნდა მოეთხოვოსო. ამათ კი ხელისუფლების გადატრიალება დააბრალეს და ქუჩაში ჩაცხრილეს ისე, რომ ბრალი არც დაუმტკიცებიათ. ერთიც მაინტერესებს, ამ წლების მანძილზე ოპოზიციას რამდენჯერ ჰქონია ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ვინმე დაისაჯა მელიას გარდა?
მე მათ ვეკითხები – რატომ არ ჩაცხრილეს მიშა სახლში? ჩემი ძმა ხომ ქუჩაში ჩაცხრილეს ამ ბრალდებით, მიშა ასე წყნარად რატომ აიყვანეს?“ -ამბობს ლია კრიალაშვილი.
https://mix.metronome.ge/22046-2/