ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ “არ აპირებს განვითარების ვექტორის შეცვლას”.
“სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებას და არ აპირებს, შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ყოვლისმომცველი ურთიერთობა მისი უსაფრთხოების გარანტორთან – რუსეთის ფედერაციასთან”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ტვ იმედთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვფიქრობ, რეალურია, თუ გამოვიჩენთ მოთმინებას და მოთმინებით გავყვებით სწორ პოლიტიკას”.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, რომელშიც აცხადებენ, რომ “საქართველოსთან თანაარსებობა კეთილმეზობლური დამოკიდებულებითა და ურთიერთპატივისცემითაა შესაძლებელი”.