„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “ინტერპრესნიუსთან” მისი სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა, დღესვე დააკავონ.
„დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ.
მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.
პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს, პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.