31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეა. ის 1939 წელს, თბილისში დაიბადა.
გამსახურდია იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, პოლიტიკოსი, მერაბ კოსტავასთან ერთად, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც 9 აპრილის სისხლიანი დარბევით დასრულდა, რის შემდეგაც, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.
მოგვიანებით, მან შექმნა პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. ბლოკმა 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა.
სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, აღადგინეს სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი. დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს, მოსახლეობის 86 %-მა აირჩია.
სამხედრო გადატრიალების შედეგად, 1992 წლის 6 იანვარს, გამსახურდიამ საქართველო დატოვა.
სამშობლოში ის 1993 წლის შემოდგომას დაბრუნდა.
ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.
მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. არსებობს ორი ვერსია – ერთის მიხედვით, მან თავი მოიკლა, მეორე ვერსიის თანახმად კი, გამსახურდია მოკლეს.
1994 წლის თებერვალში ის გროზნოში გადაასვენეს და დაკრძალეს. 2007 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს. 2013 წელს მას ეროვნულოი გმირის წოდება მიენიჭა.