დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მორიგი სხდომა იმართება.
განხილვის მთავარი თემა კვლავ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომია.
კომისიამ აღნიშნული ომის მონაწილეს, გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენს.
წულუკიანის კითხვაზე – „პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“
ყურაშვილის პასუხი ასეთი იყო: „რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“
გენერლის ამ პასუხს კომისიის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე გამოეხმაურა:
„ბოლო-ბოლო, რა გინდა” კი არა, მომისმინე ერთი წუთით! ცოტა დაუწიეთ… აქ არავინ ზის არც ნაკლები და არც…სხვა რამეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ სამშვიდობო მისია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. როდესაც თქვენ გააკეთეთ მოხსენება, რომ ასეთი მდგომარეობაა, მოწინააღმდეგე მხარეს გაჰყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს. თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. მაშინ უნდა გვითხრათ,რომ იქიდან არავითარი პასუხი არ გქონიათ. მე ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე გქონდათ“.