“ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ, “დინამო არენაზე” მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
“ამდენი ნაცრის ყრა სტადიონზე ჩხუბის გამო უაზრობაა, ცუდი იქნება თუ ამის გამო სანქცია დაწესდა და შემდეგ თამაშს მაყურებელი ვერ დაესწრო.
არმენოფობია რომ ნორმაა ამას რეჟიმის პროპაგანდა საუკეთესოდ ადასტურებს – პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობენ სომხობით, რადგანაც თვლიან რომ ეს მომგებიანია. აგერ გუშინ შალვა ნათელაშვილმაც იკადრა უკადრებელი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
მაგრამ სტადიონზე ჩხუბები ყოველგვარი ფობიების გარეშეც ხდება და ამისთვის სანქციებიც არსებობს”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, 23 მარტს, „დინამო არენაზე“, ერთა ლიგის პლეი-ოფში, საქართველომ სომხეთი დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 9:1) და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველ გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე შეცვივდა, რასაც სომეხი სტუმრების შეურაცხყოფა მოჰყვა.