წინასწარ გამზადებული საბრალდებო დასკვნა, – ასე აფასებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუს სამეურვეო საბჭოს დასკვნას, რომელმაც კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების საქმის პროკურატურაში წაღება მოითხოვა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საზმაუს ბორდი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და კრიტიკული საკითხებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
“წინასწარ გამზადებული საბრალდებო დასკვნა გააჟღერეს ე.წ. მოკვლევის დასკვნის გაცნობის შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრებმა. კრიტიკული, მნიშვნელოვანი საკითხების დისკრედიტაციის მცდელობა ვიხილეთ სამეურვეო საბჭოს წევრების მხრიდან. ეს არ არის სიმართლის დადგენის მცდელობა, ეს არის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობა და რეალური, პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის წარუმატებელი, ცუდი დრამატურგიული ხერხით დადგმული საბჭო, “- ამბობს ვასილ ივანივ ჩიქოვანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე იმსჯელა და არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზა.
ბორდის წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.
