„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ისაუბრე“-ს პოდკასტში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
კობერიძემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ის არ იქნება ნაწილი იმ ერთობის, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილი იქნება.
ზემოაღნიშნულ პოდკასტში ცოტნე კობერიძემ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია განსხვავებულია „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილების“ პოზიციისგან და ამდენად, მას გადაწყვეტილება აქვს მისაღები.
„მე თვითონ ახლა გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ვიქნები თუ არა ან პარტიაში სადაც ვარ, ან კოალიციაში. ახლა როგორც ვარ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მინდა მათ შორის ჩემი ამ საუბრების გამო ვინმე ჭმუნავდეს, პრობლემები ექმნებოდეს და მე შემეტენოს რაღაც. სულ გამოვიდე და ვიღაცები ვაკრიტიკო, რაღაც ფორმატში რომ მე ეს მქვია და ამას წარმოვადგენ და ყველა გამოსვლა იმით მიწევდეს, რომ ჩემი ეს პოზიცია არ წარმოადგეს კოალიციისა და გირჩის პოზიციას, ერთხელ თუ არ წარმოადგენს, ორჯერ თუ არ წარმოადგენს, რისთვის ვარ ხო?!“, – თქვა კობერიძემ.