“კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად. იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არისთქო, მაგრამ იმედი გადამეწურა – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამხაფვრელი სკანდალით,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში, პოსტი კომენტარებში კი დასძენს: – “რაც მე ამიკრძალეს, ყველაფერი. დადასტურდა შეკვეთილი მკვლელობის მომზადება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფი უკვე აქაა, უნდა გავაორმაგოთ სახელმწიფო დაცვა და კიდევ ერთი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შესაძლოა იგეგმებოდესო.”
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. როგორც სუს-ში აცხადებენ, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, დაიბარეს ნიკა გვარამია.
მას შემდეგ, რაც დღევანდელი დაკითხვის დეტალებზე სუს-მა კომენტარი თავადვე გააკეთა, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორმა იმ გამოძიებაზე ღიად ისაუბრა, რომელიც სუს-ის ანტიტერორისტულ სამსახურში მიმდინარეობს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს დაუდასტურეს ის ინფორმაცია, რომელიც მან დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო:
“ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან,” – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობა ელჩებს და სუს-ს, რომელმაც სპეციალური დაცვა დაუნიშნა, დღეს კი მოულოდნელად უწყებაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ დადასტურდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადებით, გვარამიას “მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.”
სუს-ის ინფორმაციითვე, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე და გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.