ყოფილმა პარლამენტარმა, თამარ ჩარკვიანმა მედიასთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მის მიერ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის შესახებ ისაუბრა.
„12 წელი მიუსაჯეს დღეს მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლურობაზე, ჩვენს თვალწინ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისევე არღვევს და ოპოზიციაში ზოგიერთი ლიდერი ზუსტად ისევე არღვევს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ იმ რეზოლუციას, როგორც კობახიძე. მე რომ კობახიძეს ვეუბნები, რომ რას შვები, რა უფლება გაქვს, რომ ანგარიშს არ უწევ, და თქვენ რატომ არ უწევთ, ქალბატონო სალომე ანგარიშს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი. ასეთი მკვეთრი განსხვავება თუ არ დაანახე შენ ხალხს, რომელიც გულწრფელია და მოდის. რა ქნას იმ ხალხმა, 200 ათასი კაცი, ზანზარებდა რუსთაველი, რამდენჯერ. ესე იგი, რაღაცას შენ ვერ აკეთებ კარგად, ლიდერები რომ გქვიათ. მე ხომ ვასახელებ ხოლმე, აი, გახარია, ხაზარაძე. აბა, ახლა რა ლიდერია ხაზარაძე, სანამ ანაკლიაზე არ იჩხუბეს, მანამდე სალომე ზურაბიშვილი მაგან არ აგვარჩევინა 2018-ში? მე პარტნიორობა ვიცი ხალხთან. რაში მაინტერესებს ერთი ფეიკი მეორე ფეიკთან პარტნიორობს თუ არა…
ჯერ ერთი, [ზურაბიშვილი] ჩემში სანდოობას არ იწვევს. მე ერთი პერიოდი ვფიქრობდი მაინც, რომ კარგად ათამაშებს-მეთქი მას ივანიშვილი და ვფიქრობდი, ხომ არ დაიტოვა პაიკად დასავლეთთან სასაუბროდ. ეს მერე გამოჩნდება, როდესაც შეცვლა მოხდება ხელისუფლების და უთუოდ მოხდება, ცას ხომ არ გამოეკერებიან. მაშინ შეიძლება, დასჭირდეს დასავლეთთან რაღაც გზა. ამაზეც მიფიქრია. მე გულწრფელად ვამბობ და მგონი, ბევრს უფიქრია ამაზე. სარგებელი ვერ მოუტანა, ეს ქალბატონი არის, რომელსაც არ შეუძლია მოქმედებაში მოსვლა. ან უნიჭოდ არ შეუძლია, ან მეორე ვარიანტია, არ აკეთებს…
ორჯერ მივედი სასაუბროდ [ზურაბიშვილთან] , მთელი გულწრფელობით ვესაუბრე მას. მე მასთან მიშასთან დაკავშირებითაც მისაუბრია. იცით რა, მე ერთხელ ჩავთვალე, რომ ძალიან გულწრფელი იყო და რაღაც უფრო კმაყოფილი წამოვედი, მაგრამ მომატყუა, ასე ვთქვათ“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.