„ქართულმა ოცნებამ“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა.
ინიცირებული პროექტის თანახმად, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა.
კერძოდ:
მარიხუანას შემთხვევაში, თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გამომშრალი 500 გრამი მარიხუანას ფლობა, ახლა იგივე 250 გრამზე იქნება. ნედლ მდგომარეობაში აქამდე 1 000 გრამი იყო, კანონპროექტის მიხედვით, კი 500 გრამი იქნება;
კოკაინის შემთხვევაში (ფუძე და მარილები), თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა 6 გრამი კოკაინი, კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა 3 გრამი გახდება;
თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინი 0,12 გრამი იყო, ახალი კანონით 0,06 გრამი იქნება;
პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა – აქამდე 50 გრამი, ახალი კანონით, 25;
ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) აქამდე – 5 გრამი, ახალი კანონით – 2.5 გრამი;
თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კეტამინი 10 გრამი იყო, ახალი კანონით 5 გრამი იქნება;
პრეგაბალინი – აქამდე 60 გრამი, ახალი კანონით – 30 გრამი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ზემოაღნიშნულ კანონპროექტს „ქართულმა ოცნებამ“ I მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებები არჩილ გორდულაძემ წარადგინა.