ამერიკის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძის რეზიდენციას წყნეთში სავარაუდოდ, გდდ-ის თანამშრომელი იცავს.
“ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების ოფისის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული ოთარ ფარცხალაძე დროის ნახევარს მინიმუმ წყნეთში მდებარე რეზიდენციაში ატარებს. ამიტომ მაკა ანდრონიკაშვილი ფარცხალაძესთან შესახვედრად წყნეთში ჩავიდა.
ყოფილი პროკურორი “მელაძის შაბათის” ინტერესის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც “საქმიანი რუსეთის” პორტალზე აღმოაჩინეს, რომ ფარცხალაძემ რუსეთსა და საქართველოს შორის, ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საკუთარ თავზე აიღო.
ადგილზე სრული განგაში კამერის გამოჩენისთანავე იწყება – მამაკაცი, რომელიც ფარცხალაძეების რეზიდენციამდე მისასვლელ გზას უკეტავს რეპორტიორებს, მისი სამხრე ნიშნის მიხედვით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ადგილზე სპეცმანქანაც გამოიძახეს.