თბილისის მერიის თანამშრომელი, ლიკა დავითაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც 400-მდე საჯარო მოხელესთან ერთად პროევროპულ პეტიციას მოაწერა ხელი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად დავითაძე ავრცელებს და გათავისუფლების შესახებ განკარგულებასაც აქვეყნებს.
როგორც დავითაძე წერს, მისი გათავისუფლების მიზეზად მერია საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გაუქმებას ასახელებს. მისივე ცნობით, მერიის გადაწყვეტილების გამო, სამსახური კიდევ 4-მა ადამიანმა დაკარგა, ხოლო დეპარტამენთში დარჩენილი კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც პეტიციაზე ხელი არ მოუწერია, მის გაუქმებამდე, სხვა დეპარტამენტში გადაიყვანეს.
“ისევე როგორც 400-მდე სხვა საჯარო მოხელეს, არც მე და ჩემს თანამშრომლებს გვაპატიეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და პეტიციაზე ხელმოწერა!
განსხვავებული აზრის გამო დევნის ფორმალურად შენიღბვის მიზნით გამოგონილი რეორგანიზაციის შედეგად, ქალაქ თბილისის მერიაში აღარ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება – საკრებულომ ის გააუქმა. ქალაქებს შორის მრავალწლიანი ისტორია ერთი ხელის მოსმით ფეხქვეშ გათელეს! საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის გაუქმება მისი მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში არავის არასდროს თავში აზრად არ მოსვლია.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცხადია, ამას ველოდი და არც გამკვირვებია, რადგან ნათლად ჩანს ქვეყანაში არსებული “საკადრო პოლიტიკის” მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები – რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და პატრიოტი საჯარო მოხელე საფრთხეს წარმოადგენს. ეს საჯარო განცხადებებშიც არაერთხელ დაგვიდასტურეს, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. მაშინ, როცა საჯარო მოხელეები, ხალხს და ქვეყანას უნდა ვემსახურებოდეთ, და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
მუქარა სისრულეშია მოყვანილი და ჩემი განყოფილება სამაგალითოდ დაისაჯა. სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ჩემი განყოფილების მხოლოდ იმ ოთხ თანამშრომელს შეგვეხო, ვინც საქართველოს კონსტიტუციისადმი ერთგულება ხელმოწერით დავაფიქსირეთ, ხოლო ერთადერთი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი არ მოაწერა, ჩვენი განყოფილების გაუქმებამდე იმისთვის, რომ მისთვის სამსახური შეენარჩუნებინათ სხვა განყოფილებაში იქნა გადაყვანილი”, – წერს მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, “განცხადებაზე ხელმომწერთა ზეწოლა მისი გამოქვეყნების დღიდან დაიწყო და ბევრს ხელმოწერის უკან გატანა მოუწია, ბევრი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს”.
“მე და ჩემს საამაყო თანამშრომლებს აზრი არ შეგვიცვლია და ხელმოწერა უკან არ მიგვაქვს – ჩვენ ვრჩებით საქართველოს სახელმწიფოს და მისი მთავარი გზამკვლევის – საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი. ქალაქ თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელად 10 წელი ვიმუშავე ჩემს გუნდთან ერთად და ვემსახურე ჩემს საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით და სიყვარულით.
განსაკუთრებული მადლობა ჩემი გუნდის თანამშრომლებს კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის და საქმის უმაღლეს დონეზე შესრულების და სიყვარულის გამო… ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და მალე, სუნთქვასაც ვერ შეძლებთ თავისუფლად. საქართველოს ადგილი არის და იქნება დემოკრატიულ ევროპულ სივრცეში”, – წერს დავითაძე.