სპეციალურ სამალავში, გიორგი ბაჩიაშვილი 2 საათის განმავლობაში იმალებოდა. სისხლის სამართლის 2 საქმეზე ბრალდებულმა ამ ფორმით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. 2023 წლის ივლისიდან, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტებიც.
გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები დაადგინა – ირკვევა რომ ბაჩიაშვილს, საზღვრის ფარულად გადაკვეთაში სხვები ეხმარებოდნენ.
სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია 47 წლის მამაკაცი.
„კურიერმა“ მისი ვინაობის დადგენა შეძლო, ის შოთა ქარუმიძეა, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ნასამართლევია. პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბრალდებული სარფის გავლით, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ქარუმიძე მართავდა ავტომობილს, რომელშიც ბაჩიაშვილი იმალებოდა.
სქემა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში დაიგეგმა. მაშინ შოთა ქარუმიძეს ნაცნობმა თანხის სანაცვლოდ, კონკრეტული საქმის მოგვარება სთხოვა. ამ საუბრის შემდეგ მალევე, მას გიორგი ბაჩიაშვილის მამამ დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა. იმავე მისამართზე გაიცნო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელიც. მხარეებმა გეგმა შეიმუშავეს. თავდაპირველად დამხმარეს ბაჩიაშვილი არწმუნებდა, რომ საზღვარზე ფარულად მისი ნაცნობი უნდა გადაეყვანა. მძღოლმა სიმართლე 2 მარტს გაიგო.
2 მარტს, სამალავში დამალული გიორგი ბაჩიაშვილი და შოტა ქარუმიძე საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ წავიდნენ. ისინი რამდენიმე დღით ადრე ნაყიდი მუქი ფერის “ტოიოტა კემრის” მოდელის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი დამხმარე ქვეყნის დასატოვებლად ორი თვის განმავლობაში საგანგებოდ ემზადებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, დამხმარეს დავალებული ჰქონდა, რომ ავტომობილში, რომლითაც საზღვარი გადაკვეთეს, ვიდეო რეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რამდენჯერმე გადასულიყო საქართველო-სომხეთის საზღვარზე და გადაეღო იქ არსებული ვითარება. ჩაწერილ მასალას კი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თვითონ შიფრავდა. დადგინდა ისიც, რომ უკანა სავარძლებსა და საბარგულს შორის სამალავი ბაჩიაშვილმა თავად მოაწყო. კონსპირაციულობისთვის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ერთმანეთს, google-ის სატელიტური ტელეფონებით ეკონტაქტებოდნენ.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების საქმეზე დაკავებულ 47 წლის მამაკაცს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, შოთა ქარუმიძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 3 800 ამერიკული დოლარი, 525 ლარი და 6 6000 სომხური დრამი. საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
ცნობისთვის, 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა.
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ასევე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა, ბიზნესმენს კი სასამართლოზე დისტანცირუად ჩართვის უფლება არ მისცა.