ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 2011 წლის შემდეგ ევროპაში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის მაჩვენებელი განსაკუთრებით ინგლისში შემცირდა. მკვლევართა შეფასებით, შესაძლოა, იქ ამჟამინდელმა თაობამ წინამორბედებზე დიდხანს აღარ იცხოვროს, რაც საყურადღებოა.
რაც შეეხება მიზეზებს, ესენია: არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ჭარბი წონა. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კორონავირუსის პანდემიაა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, ცხოვრების ჯანსაღი წესი ადრეული ასაკიდანვე დაინერგოს. ისინი მთავრობებს მოუწოდებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის მეტი რესურსი გამოყონ.
მეოცე საუკუნეში მედიცინის მიღწევებმა ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ყოველწლიურად ზრდა განაპირობა. 1990-დან 2011 წლამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემცირებამ სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია. ამის მიუხედავად, ბოლო ათწლეულში პროგრესი საგრძნობლად შენელდა და ქვეყნებს შორის განსხვავება აშკარა გახდა.
კვლევამ აჩვენა, რომ 2011-2019 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის შენელების მთავარი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო, ხოლო 2019-2021 წლებში ეს პროცესი COVID-19 პანდემიამ გაამწვავა. ასევე, 2011 წლის შემდეგ ჭარბი წონის, მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის მსგავსი ძირითადი რისკფაქტორები ან გაუარესდა, ან მათი შერბილება შეწყდა. სათანადო მკურნალობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა არაჯანსაღი კვებისა და ჭარბი წონის უარყოფითი შედეგები აღმოფხვრილიყო.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ტენდენციების კვლევა
ახალი ნაშრომის ავტორებმა დაავადებათა გლობალური მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 2021 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებები გააანალიზეს. ამაზე დაახლოებით 12 000 სპეციალისტი 160-ზე მეტი ქვეყნიდან მუშაობდა.
მეცნიერებმა ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობის, სიკვდილიანობის მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების ცვლილებები შეისწავლეს, რომლებიც 1990-2011, 2011-2019 და 2019-2021 წლებში დაფიქსირდა. კვლევამ მოიცვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია და უელსი.
მიუხედავად ბოლო წლების ნეგატიური ტენდენციებისა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ბუნებრივი ზღვარი ჯერ არ არის მიღწეული. მათი შეფასებით, ასაკოვანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება ახალგაზრდების ჯანმრთელობას უნდა მიექცეს.
ამ მხრივ სპეციალისტები სახელმწიფო პოლიტიკის როლს აღნიშნავენ. მაგალითად, ნორვეგიაში, ისლანდიაში, შვედეთში, დანიასა და ბელგიაში 2011 წლის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტემპი უკეთ შენარჩუნდა. ეს კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისაკენ მიმართულ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
ამის საპირისპიროდ, ინგლისსა და გაერთიანებული სამეფოს სხვა ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. მკვლევრები ასეთ ტენდენციას ისეთ ფაქტორებს უკავშირებენ, როგორიც არაჯანსაღი კვება, ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი და ჯანდაცვის გამაძლიერებელი არასაკმარისი პოლიტიკაა. მათი აზრით, აუცილებელია, რომ სახელმწიფო დონეზე უფრო მკაცრი ზომები მიიღონ, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობა გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლევა ადასტურებს, რომ დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორების კონტროლი რეალურ შედეგებს იძლევა, შესაბამისად იმედი არსებობს. ინგლისის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური სათანადო ზომების მისაღებად უკვე ემზადება. მაგალითად, საზოგადოებას საშუალება აქვს, რომ წონის კონტროლის 12-კვირიან პროგრამაში ჩაერთოს. ასევე, მათ აფთიაქებში ათასობით ადამიანი არტერიული წნევის შემოწმებას გადის, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას უწყობს ხელს.
საბოლოო ჯამში, ასკვნიან, რომ ამ სირთულეების დასაძლევად საზოგადოებამ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იმუშაოს.