“დედების მარშს”, რომელიც პოლიტპატიმრების დედების სოლიდარობის მიზნით, დღეს რუსთაველზე იმართება, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა და დედამ მოითხოვოის თავისი შვილებისთვის სამართალი და თავისუფლება.
“მე მინდა ვთქვა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ყველა ქალი, დედა დადგეს და წამოვიდეს რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვოს. როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა, იქ არის მოჩვენებითი მშვიდობა, სანამ ჩვენი შვილები, კოლექტიური შვილები არ იქნებიან თავისუფლები.
მე მინდა, ყველა დედას მივულოცო დედის დღე. ისინი მაინც არიან ბედნიერები, როცა ასეთი შვილები ჰყავთ, რომლებიც ღირსეულად იცავენ თავიანთ ქვეყანას.
მინდა მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ რაღაცა მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვათ ეს მშვიდობა. არა, ეს მშვიდობა თუ მოპოვებული იქნება, იქნება ამ ბავშვების გამო, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს. გაუძლებენ კიდეც, თავისუფლებიც იქნებიან და მათთან ერთად ეს ქვეყანაც იქნება თავისუფალი.
ვულოცავ ასევე ამ დღეს იმ დედებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, არ აქვთ საშუალება თავიანთ შვილებთან ერთად იყვნენ აქ, ჩვენთან ერთად იდგნენ დღეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მათგანი მართლაც იზიარებს ჩვენს წუხილს და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.