ექიმი იაგო ფრანგიშვილი „ენკას” მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება:
“საშინელებაა, როცა დროის მაჯისცემას ჩამორჩები – დედამიწაზე დრო წინ მიდის და ჩამორჩენილი აზროვნება უკუსვლას ნიშნავს. ეს საშინელებაა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი კატასტროფაა, როცა იცი ეს მაჯისცემა და რაღაცას აკეთებ განგებ, გამორჩენით, ან პოლიტიკური და ან ფინანსური ახლომხედველობით.
ნამახვანის ჰესი არ აშენდება და ეს საუკეთესო ცნობაა, რაც კი მე ამ ბოლო 9 წლის მანძილზე გამიგონია.
დავანებოთ ახლა თავი იმ დისკუსიას, რომ ეს ჰესი არც უნდა აშენებულიყო და წინასწარვე იყო იქეთკენ მიმართული, რომ პროექტის ვერ განხორციელების შემდეგ ვითომდა თურქ ინვესტორს, სინამდვილეში კი რუსული ოლიგარქიის ფინანსურ მეურვეს ეჩივლა და მიეღო ის თანხა, რაც ვითომდა ჰესის მოგებიდან ეკუთვნოდა.
არა მგონია სადმე ან თურქეთში ან მოსკოვში იჯდეს ვინმე ინტერნეტის გარეშე და არ იცოდეს, რომ ამხელა სეისმოლოგიურ და ნიაღვრის საშიშროების რეგიონში 100 წლის განმaვლობაში ამ 100 მეტრიან სიმაღლის წყალსაგუბისათვის იმდენი სარემონტო თანხა დაგჭირდება, რომ მოგებაზე საერთოდ საუბარიც ზედმეტია.
პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ის “მოჯირგალების სამუშაოები” იყო ალიბი, ვითომ რაღაცას ვაპირებთო, იყო შოუ და მიზანი კი მილიონების კომპენსაცია იყო. თუმცა, ეს სრულად ვარაუდია და ამას დამტკიცება უნდა, რა იყო შეკვეთილი მომდევნო ეტაპისთვის და ასე შემდეგ.
მოდით და საერთოდ სიტუაციის არასწორად შეფასებაზე ვისაუბროთ და არა იმიტომ არასწორად შეფასებაზე, რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცის, არამედ გამიზნულ დეზინფორმაციაზე. ფაქტია, რომ არცერთი დასავლური სახელმწიფო ამხელა სიმაღლის წყალსაცავებს და მითუმეტეს ჰესებს უკვე არ აშენებს და ჩინეთი არაა დასავლეთი.
დღეს ე.წ. ტერასული მოდელია. ანუ რამდენიმე მეტრიანი სიმაღლის რამდენიმე ტერასა, რომელიც მომგებიანიცაა, მოსავლელადაც ადვილია, არ აფუჭებს ეკოლოგიას, არ აგუბებ დაახლოებით ათასჯერ მეტ წყალს ვიდრე საჭიროა და ამით არ ანადგურებ მიმდებარე პატარა წყაროებს და მდინარეებს. ესაა თანამედროვე მიდგომა. ასეთი ტერასული სისტემა ისეთ მთის რეგიონში, როგორც სვანეთია, სადაც ბევრია ტყე, შეგიძლია ხის მრეწველობისთვისაც და ხის ტრანსპორტისთვისაც გამოიყენო.
მეორე დიდ საკითხია რეგიონალური თავისებურება. არცერთი რეგიონი დედამიწაზე კავკასიას არ ჰგავს. დიდ და მცირე კავკასიონს შორის, ანუ 6.000 და 4.000 მეტრს შორის მოთავსებულია მთელი დასავლეთი. ამ რეგიონს კი დასავლეთის მხარეს შავი ზღვის ქარბუქიანი ყურე აკრავს. შემოსული ქარი ტრიალებს ამ მთებს შორის და განსაკუთრებულად იწვევს საგუბრებიდან წყლის აორთქლებას. რაც მეტია საგუბარის ზედაპირის ფართი, მით უფრო მეტად. ეს კი იწვევს ლოკალურ დათბობას და მცირე მყინვარების გაქრობას ძალიან მალე, ერთი თაობაც კიარაა საჭირო. ეს ყველაფერი იწვევს მეწყერს, რამდენიმე ათეული წელი ჭარბწყლიანობას და მერე კი გვალვებს, უწყლობას. ეს ყველაფერი კარგადაა შესწავლილი ქართველი მეცნიერების მიერ და მქონდა აქ რამდენიმე თვის წინ დადებული ეს ნაშრომი კავკასიის ქვაბულზე, თბილისის ქვაბულზე. ანუ, ჩვენი რეგიონი ქვაბულის რეგიონია და უკიდურესადაა დამოკიდებული მიკროკლიმატზე. ამის ყველაფრის რეშერში, მოძიება, დაგუგლვა შეიძლება.
ასევე შეიძლება მოიძიო, თუ რამდენ ხანს ძლებს წყალთან კონტაქტში და მასობრივი წყლის წნევის ქვეშ მყოფი რკინაბეტონის კონსტრუქცია. ესეც გარკვეულია. ურემონტოდ 80 წელი. ეს არა კვლევა, არამედ გეოდეზიის და ინჟინრის პროფესიის სახელმძღვანოლებში შესული ფაქტიც მქონდა დადებული რამდენიმე თვის წინ აქ ორიგინალში. ასეთ კონსტრუქციებს ყოველ 40 წელიწადში ესაჭიროება რთული რემონტი და 120 წლის მერე კი ფაქტიურად ასცდება ეს კონსტრუქცია გამძლეობის ქვედა ზღვარს. მომდევნო 30 წელიწადში კი ზედა ზღვარსაც და უკვე უნდა გაუშვა წყალი, ის დამყაყებული, დამპალი ხეების ნადგომი წყალი. ის ტერიტორია, სადაც ეს ჰესი იგეგმებოდა, არაა არც ეგვიპტე და არც ტუნისის ქვიანი რეგიონი, ეს რეგიონი მდიდარია ვეგეტაციით და ის მთელი ასწლოვანი ხეები რომ ჩალპება ამ დამფგარ წყალში, ადვილი წარმოსადგენია ჩვენი შვილიშვილების გაოგნებული სახეები. ეს ყველაფერი არის მტკიცებული, ადვილად წარმოსადგენი და რეალური სცენარი. ეს არ მოხდება საქართველოში და ეს დიდი მიღწევაა.
კიდევ ერთხელ, იყო თუ არა საერთოდ დაგეგმილი მშენებლობა და ეს ყველაფერი იყო თუ არა სახელმწიფოსგან ფულის მიღების ბლეფი, ამას უნდა დეტალური გამოძიება ახალი ხელისუფალით. ვინ იყვნენ “ენკას” მოწილეები ვის ფულს განკარვდა ენკა და განკარგავდა თუარა საერთოდ? იქნა თუ არა სახელმწიფო მოხელეთა მიმართ კორუფცია გამოყენებული პროექტის დასამტკიცებლად? ეს მთავარი მომენტია, რამეთუ
მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციამ ფირმა სიმენსი დააჯარიმა იმიტომ რომ ფირმამ ეგვიპტეში და ტუნისში სახელმწიფო მოხელეები მოისყიდა 10 მილიარდი დოლარის პროექტების მოსაპოვებლად. ,,სიმენსმა,, ეს პროექტებიც დაკარგა და ჯარიმაც გადაიხადა. აი, ესაა რეალობა და ამაზეა საჭირო ქმედება.
,,რა ინვესტიცია დავკარგეთო – აი, ეს არის ის საშინელი თვითმოტყუება და ადამიანებისათვის შეგნებულად ფეიკ ინფორმაციის მიწოდება.
თუკი ვინმეს ახლა უცებ გონება გაეხსნება და მკითხავს, დისკუსიას გააჩაღებს,
,,ექიმი ხარ და შენს საქმეს მიხედეო, ვეტყოდი, რომ ექიმის პროფესიის საკმაოდ დიდ ნაწილია კვლევა, აზროვნება, რეშერში და ანალიზი. ეს უნარი შეგიძლია გამოიყენო ვიწრო პროფესიიის მიღმაც,” – წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კომპანია „ენკას” მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.