უკრაინის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ Fox News-თან ისაუბრა – გავლენიანი მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუდან მნიშვნელოვანი აქცენტები პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს წიაღისეულის ხელშეკრულებას, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. მისივე განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა ომში ჩართული ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, კონგრესს ორპარტიული მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს. უკრაინელები ყოველთვის აფასებდნენ ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შემოჭრის ამ სამი წლის განმავლობაში.
ამერიკის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადარჩენისთვის და მინდა ვაღიარო ეს. მიუხედავად მკაცრი დიალოგისა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეულები და უშუალოები ერთმანეთთან, რომ ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ ჩვენზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. ჩვენ ვართ ის, ვისაც ამ ომში ცხოვრება უწევს, ეს არის ჩვენი თავისუფლებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლა.
როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ თქვა, “მშვიდობა არ არის მხოლოდ ომის არარსებობა”. ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობაზე – თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებებზე ყველასთვის. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში მან ცეცხლის შეწყვეტა 25-ჯერ დაარღვია. ნამდვილი მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია.
ჩვენ მზად ვართ მოვაწეროთ ხელი წიაღისეულის ხელშეკრულებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, და ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე ესაა. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა საშიშია უკრაინისთვის. ჩვენ 3 წელია ვიბრძვით და უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს მხარესაა.” – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.