მიმდინარე აქციებისას დაკავებული აქტივისტი, თემურ ქათამაძე, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან წერილს ავრცელებს
„ბათუმელი მედროშის” თემურ ქათამაძის წერილი სამშობლოს მომავლის მებრძოლებისთვის:
მივესალმები სულით, გულით და დიდი სიყვარულით ყველა იმ თანამებრძოლს, რომელიც 3 თვის განმავლობაში, თბილისში, ბათუმში. ზუგდიდში ქუთაისში და სხვა ქალაქებში ყოველდღე სამშობლოს სადარაჯოზე დგას. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ყველა თქვენგანით. 30 წლის წინ პირველად საქართველოში ჩამოვედი, ვისწავლე ისტორია და გავიცანი ეროვნული გმირები. მანამდე მე ვიცნობდი გმირად მხოლოდ, ჩვენი ანუ “ჩვენებურების” ბელადს ახმედ მელაშვილს, რომელმაც თავი შესწირა 1981 წელს ქართველების-სამშობლოსთვის. თუმცა შემდეგ კი გავიგე, რომ ქართველ ერს უამრავი გმირი ეროვნული გმირი ჰყოლია. ამჟამად შემიძლია მათგან მხოლოდ შემდეგების სახელი-გვარები დავასახელო: 9 ძმა ხერხეულიძე, მიხა ხელაშილი, მარო მაყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ხასან თხილაიშვილი, გულო აღაკაიკაციშვილი, იუსუფ ქათამაძე, ლომან ეფენდი, ქარცივა ხასან ეფენდი სურმანიძე, ასლანბეგ აბაშიძე, მემედ აბაშიძე, გიორგი მაზნიაშვილი, ალისულთან ზოვაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, სერგი მესხი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, 9 აპრილის გმირები, აფხაზეთის ომის გმირები, ცხინვალის ომის გმირები, შინდისის გმირები და სხვები.
როცა საჭირო გამხდარა სამშობლოს გადარჩენისთვის ამ ადამიანებს თავშეწირვით, თუ სხვა ფორმით თავისი მოვალეობა შეუსრულებიათ. ჩემ თანამებრძოლებში, ე.ი. ყველა თქვენგანში, დღეს, მე ვხედავ ზუსტად ზემოთ აღნიშნული ეროვნული გმირების გულწრფელ პატრიოტულ სულისკვეთებას. ამ ფაქტიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა რომ დღეს თქვენ ხართ დიადი ქართველი ერის ნამდვილი თანამედროვე, თავისუფალი, ცივილიზებული, დემოკრატიული, პატრიოტი, საამაყო მამულიშვილები. ასევე, თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს სამი თვის ბრწყინვალე ბრძოლით ქართველი ერის ნათელი და მებრძოლი სახე. ყველა თქვენგანს სულით, გულით და დიდი პატივით გაფასებთ. ყველანი უზომოდ მიყვარხართ, ყველას გეხუტუნებით, უფროსებს ხელებზე, უმცროსებს თვალებზე გკოცნით.
ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა. დღეს სამშობლოს გადარჩენისთვის მიმდინარე პროტესტში ჩემი ბრძოლის ფორმით, პირადი წვლილის შეტანის დიდი სურვილი მაქვს. ამჟამად ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობა არის. გთხოვთ, პატივი ეცით ჩემს პატრიოტულ, გულწრფელ ნებისყოფას და სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა შემდეგში აღარ შემომთავაზოთ. … მსგავსი რამ თქვენ რომ შემოგთავაზონ, მე დარწმუნებული ვარ, თქვენი პასუხი იგივე იქნება. ჩვენი საერთო მუხტის და გამძლეობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივობისთვის, ყველა სინდისის პატიმრის აქ, ციხეში ბრძოლის გაგრძელება და თქვენი რუსთაველის გამზირზე და სხვა ქალაქებში ბრძოლის გაგრძელება, ჩვენი გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადარჩენისთვის. წმინდა ბრძოლა ერთად უფრო ძლიერი არის.
მინდა იცოდეს ქართველმა საზოგადოებამ, რომ:
ჩვენ ვართ საქართველო, უფალი ჩვენთან არის, მე მჯერა გამარჯვების!
“ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”
“სოლიდარობა სამშობლოს ყველა თანამებრძოლს და სინდისის ყველა პატიმარს!”
“ცეცხლი ოლიგარქიას და ჯოჯოხეთი ივანიშვილს!”
“საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: არასდროს, არასდროს არ დანებდე!”
“ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ!”.
მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, მინდა რომ თქვენც ჩემსავით იყოთ… ძალა ერთობაშია! “ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე.
შიმშილობის ბრძოლის 36-ე დღე – 21.02.2025
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი“, – აღნიშნულია წერილში.
თემურ ქათამაძე 41 დღეა, შიმშილობს.
ის 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება.
ქათამაძეს საქართველოდან გაძევება ემუქრება.