თავდაცვის სამინისტროდან 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
უწყებიდან გაუშვეს: ანანო გორგოძე, მიშა რამაზაშვილი და მარიამ ობოლაშვილი. ისინი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ამასობაში, თავდაცვის სამინისტრომ კოხტად ჩამაბარა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება. სამინისტროში 2017 წლიდან ვმუშაობ ამ მიმართულებით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მე და ჩემმა განყოფილებამ შევქმენით მთლიანი პრაქტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. კიდევ შორს წავალ და ეს პრაქტიკა სხვა სამინისტროებსაც მთელი გულუხვობით გავუზიარეთ.
როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს რომ დავეტოვებინე. ასე რომ #ცეცხლიოლიგარქიას”, – წერს ანანო გორგოძე.
“2016 წლის 1 იანვრიდან, 9 წლისა და 2 თვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა.
არასოდეს დამავიწყდება, აქ მოსვლის განცდები და ჩემთვის ღვთაებრივი – 5 ჯვრიანი დროშის ფრიალით გამოხატული დაუსრულებელი ემოციები.
ევროატლანტიკური გზა, რომელიც ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ამ კედლებში ყოფნისა – მთელი ამ წლების განმავლობაში.
ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა, გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას.
სამშობლოს ცნება მეტია, ვიდრე ხელფასი, ვინც ამავე ემოციით მოხვედით ან ახლა მოღვაწეობთ ამ და სხვა საჯარო სამსახურის კედლებში, დამეთანხმებით.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს, დროშები დაშვებულია, მაგრამ მტკიცედ მჯერა ჩვენი ყველაზე ლამაზი და ამაყი დროშა მაინც იფრიალებს სოხუმსა და ცხინვალში, ერთ ცივ არა – თბილ, მზიან დღეს!
მადლობა ყველა ჩემ კოლეგას დაუვიწყარი წლებისთვის და იცოდეთ, 1 აგურის დადება ამ ქვეყნისთვის ყველას მოგვიწევს.
დიდება გმირებს, დიდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოს!” – წერს მიშა რამაზაშვილი.
“დღეს ჩავიბარე ბრძანება თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ.
ყველანაირი პათეტიკის გარეშე, მქონდა პატივი. ვრჩები ქართველი ხალხის, ევროპული ღირებულებების და საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესების ერთგული.
მადლობა ყველა თანამშრომელს გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”, – წერს მარიამ ობოლაშვილი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროდან კიდევ ერთი, მე-4 თანამშრომელი, გუცა გველესიანი გაათავისუფლეს.
“1998 წლის ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჩემი თანამშრომლობა 2025 წლის 25 თებერვალს დასრულდა. “ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს” გადაწყვეტილებას…” – წერს ის Facebook-ზე.