გიორგი გაჩეჩლაძემ საავტორო გადაცემის “უცნობის კიდობანი” მეშვეობით ლეგენდარულ ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მიმართა და “ნეტფლიქსის” წინააღმდეგ სარჩელში თანადგომა გამუცხადა.
“ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა შეპირებული ოქროს მედალი გამომიგზავნა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა, ოცნება ამიხდა. ჩვენ თქვენ მთელი გულით და სულით გგულშემატკივრობთ, აი, იმ სარჩელში, რომელიც “ნეტფლიქსის” წინააღმდეგ შეიტანეთ. წარმატებებს გისურვებთ და მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით გვიგულეთ,” – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.
ცნობისთვის, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა. საქმე ეხება მინისერიალ “The Queen’s Gambit – „ლაზიერის გამბიტს“.
სარჩელის თანახმად, სერიალის ერთ-ერთ დასკვნით ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა.
ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი ამბობს:
“ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც (მოთამაშეებს)”.
კალიფორნიის შტატის სასამართლოში ნონა გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა. სარჩელში აღნიშნულია, რომ “მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც (მოთამაშეებს) აშკარა სიცრუეა, ასევე, უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული მინიმუმ 59 მამაკაცთან, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.
“ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა “გაეზარდა დრამა” და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”, – ნათქვამია აღნიშნულ სარჩელში.
ამასთან, სარჩელის თანახმად, „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე რუსეთის აგრესიას ებრძვის.
ნონა გაფრინდაშვილი, კომპენსაციის სახით, $5 მილიონს ითხოვს. მას ასევე სურს, ჩაიხსნას რეპლიკა, თითქოს ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს.
აღნიშნულ სარჩელს უკვე უპასუხა “ნეტფქლისმა”. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.
„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.
https://mix.metronome.ge/21345-2/