Facebook-ჯგუფში – „მოხალისეები გურიიდან“ – ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
„მოგესალმებით ყველას.
სოფელი ჩოჩხათი, ამდილით, 03:00-03:30 ჩაინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში .
დარეკეს სამაშველოში, 112 ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა აუცილებლად მოვალთო. 🙂“, – აღნიშნულია პოსტში.
დიდთოვლობის შედეგად ლანჩხუთში წარმოქმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ – ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნა სარიშვილმა.