თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულ განცხადებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო. ანუ, ნახევარი წელია? და რა იცის ნეტავ, სუს-ის “ბოლო თვეებში კოკაინის ყნოსვის დამწყებთა” სამსახურმა აცნობა?” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კითხვაზე, გიორგი გახარიას შესაძლო ნარკოდამოკიდებულება რატომ არ შეუმჩნევიათ იმ პერიოდში, როცა მათი გუნდის წევრი იყო, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „ეს პრობლემა გახარიას ახლა გაუჩნდა“.
„არ თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი“ და ა.შ. ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. „ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. მათ შორის, ესეც ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.