სისხლიანი გარჩევა გორში, დაჭრილია ორი ახალგაზრდა. როგორც ცნობილი ხდება, 17 წლის ბიჭი მეგობართან ერთად წმინდა წყლის დასახლებაში ცივი იარაღით დაჭრეს
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თვითმხილველები “ტვ პირველთან“ მომხდარის შესახებ საუბრობენ. მათ დაინახეს, როგორ მიჰყავდათ ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა სხვა ახალგაზრდებს.
“ასე მოდიოდა ბიჭი, წაიქცა და დაიძახეს, ცუდად არის, ჩქარაო. სასწრაფოს დავუძახეთ. ერთი იქით წაიქცა, დაჭრილი იყო და მეორე აქეთ… მე მგონი ვკვდები, გული მეპარებაო და დავარდა ძირს,“ – აცხადებს თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრები ქალის თქმით, ის ხმაურზე გარეთ გავარდა და დაინახა რომ ერთ-ერთი ძირს ეგდო.
“ბიჭები დასტრიალებდნენ თავზე, არ დაიძინოო და ვაიმე კვდებაო ყვიროდნენ. მერე მოვიდა პატრული, სასწრაფო და წაიყვანეს. ჩვენთვის საერთოდ უცხო პიროვნებები იყვნენ. ბევრნი იყვნენ,“ – აცხადებს ქალი.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი 17 წლის არის. ორივე პირი ახლა კლინიკა “გორმედში“ იმყოფება. როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხათუნა შრუბის ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ორივე ახალგაზრდას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმის განცხადებით, დაჭრილ ახალგაზრდებს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში შემავალი ღრმა ჭრილობები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.