23 წლის ბიჭის სატიკ მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა და ასევე ბაირამოვმა, რომელმაც მასთან ერთად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ორთაჭალაში სასტიკად მოკლული თამაზ მთივლიშვილის დედა გამოძიებას სპეციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, მომხდარში მონაწილე ყველა პირი პატიმრობაში გაუშვან. ქალი ამტკიცებს, რომ მის შვილს იმდენად მძიმე და იმდენი დაზიანებები აქვს, რომ ამას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა. შვილმკვდარი დედა აღნიშნავს, რომ გიორგი პაპაშვილი და ასევე ის პირები, ვინც ამს ხელი შეუწყო, საზოგადოებისთვის საშიშები არიან.
“მოგმართავთ სასტიკად მოკლული და ნაცემი თამაზ მთივლიშვილის გაუბედურებული დედა. ჩემი შვილის სიკვდილში მხილებული პირები: გიორგი პაპაშვილი, ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე, ლუკა გვენეტაძე და ბაირამოვი არიან საშიში ადამიანები საზოგადოებისთვის. მე ახლა ვზივარ და ვხედავ ჩემი შვილის სასტიკად ნაწამებ და დასახიჩრებულ სხეულს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა სისასტიკითაა მოკლული. ბრალდებულებმა ჩემი შვილი ჯერ ისევ ცოცხალი დატოვეს 2 დღით და გარედან ჩაუკეტეს კარი. მჯერა, ჩემი თაზო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩენოდა. უმორჩილესად გთხოვთ, თამაზ მთივლიშვილის მკვლელს და მის დამფარავ პირებს შეუფარდოთ პატიმრობა, რადგან მათ ორი დღე დამალეს ჩემი შვილის ცხედარი და ხელი შეუწყვეს მკვლელს” – წერს მთივლიშვილის დედა.