ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს:
“გაიცანით. ეს არის ჩემი ბედნიერი და მოღიმარი ოჯახი ერთი პატარა ოთახში. ქალაქ ოზურგეთში. სულ ექვსი ვართ.
დედაჩემი ავად არის. ხდება და ხდება. ღამით, ჩემთვის რომ ლოცულობს, დარჩენილ გრამებს ფრთებს ასხამს და ღმერთთან უშვებს, ამბავი რომ მიუტანოს. მაგრამ მაინც იღიმის.
მამაჩემის სურათიც ავად არის. ყვრიმალებზე ეტყობა – ლეიკემია აქვს. მაგრამ მაინც იღიმის.
მამიდაჩემის სურათიც ავადაა. სურათში მკერდი არ ჩანს. სურათზე მოჭრილია და ისედაც მოჭრილი ჰქონდა. მაგრამ მაინც იღიმის.
ბებიაჩემის სურათიც ავად არის. თვალებს შეამჩნევ, მთელ სხეულზე კრუნჩხვები უვლის. მაგრამ მაინც იღიმის.
ბაბუაჩემის სურათიც ავადაა. კისერი ტკივა. თოკი რომ ჩამოხსნეს, რითაც თავი ჩამოიხრჩო, იმ თოკის ბილიკი ოდნავ ეტყობა. კისერი ტკივა. მაგრამ მაინც იღიმის.
მე ვზივარ კუთხეში და ვფიქრობ ჩემს სურათზე, რომელიც არ მაქვს, სადაც ვიღიმი
და ვიღიმი.
18.09.21,” – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.