სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადაციას, მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილული აკედემიკოსის, გურამ შარაძის, შვილი რუსუდან შარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მამაშენის ერთ-ერთ მკვლელს, სადისტ მეგის ქარდავას თბილისში ჩამოათრევენ და რეაქცია არ გექნებაო, – პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ-მეთქი, ვეტყოდი. ვინ არ მირეკავს და მწერს, უხარიათ და მადლობის მეტი რა მეთქმის. უბრალოდ, იმდენჯერ გამიხარდა და აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად, ჩემდაუნებურად, სრულიად ინდეფერენტული ვარ. ჩასაფრებული სხვა დროს არ ვყოფილვარ და ახლა მითუმეტეს. ყველაზე მეტად მე გამიხარდება, თუ რამე სასიკეთო მოხდება. როგორც ათასჯერ მითქვამს, სწორედ, მეგის ქარდავას ეპიზოდზე განახლდა მამაჩემის მკვლელობის საქმე 2014 წელს.
დღეს, პროკურორს რომ ვუსმინე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ისე შემზარა ამ კაცის მსგავსის სისასტიკემ. არადა, ყველა საქმე ვიცოდი და კიდევ რამდენი ვიცი, ისევე როგორც თქვენ იცით და რაზეც გამოძიებაც არაა დაწყებული. ნეტავ, თავად თუ ხვდება ეს ერთუჯრედიანი ცხოველი, რომ ერთადერთი, თუ რამე უშველის, აღიარება და გულწრფელი მონანიებაა. თუ ჰქვია შველა, თორემ სულ რომ სამუდამო მიუსაჯონ, ან ხვალვე გამოუშვან, ამდენ ცოდვას სად გაექცევა,” – წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც უკრაინაში იყო დაკავებული, უკრაინამ საქართველოს დღეს, 17 სექტემბერს გადმოსცა.
მეგის ქარდავა საქართველოში უკრაინიდან სპეცრეისით ჩამოიყვანეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მეგის ქარდავა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში.
ქარდავას წინააღმდეგ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. პროკურატურის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსანი:
მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია ე.წ. „კასრების“ საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია ბ.რ-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილებოდა რამდენიმე სხვა საქმეც, რომლებშიც ასევე ფიგურირებს ქარდავა.
თავად ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მათ.