საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში წლიურად დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი შეადგინა.
„მეოთხე კვარტალში კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წლიურად 0.6%-ით გაიზარდა და 54.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2 პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 48.5 პროცენტს და 45.2 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3 პროცენტი შეადგინა“, – ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.