ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტმა იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა სანქცირების რეკომენდაციითაც ევროკომისიას მიმართავენ, აუცილებლად უნდა დაამატოს “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა. ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.
გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, ნატო ხაინდრავამ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე პროკურატურის მოწმის სახით ისაუბრა და ბაჩიაშვილისგან ნახევარი მილიონი დოლარის ნაღდი ფულის მიღებაზე გააკეთა განცხადება.
“ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლია ივანიშვილის პირადი შავი სალაროს მმართველი ქალბატონი ნატო ხაინდრავა, რომელმაც ამ სასამართლოში პირდაპირ დაამტკიცა და დაადასტურა, რომ ის განკარგავს ივანიშვილის პირად ფინანსებს. რომ თურმე ის ქეშის სახით ფული, რომელიც აიღო გაურკვეველი ქრთამის თუ ბონუსის სახით, მან ისე მიიღო რომ ეს ივანიშვილისთვის არც კი უთქვამს.
რა რაოდენობის ქეშს მართავს ქალბატონი ნატო ხაინდრავა, რომ ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის მიღებაზე არც კი უთხრა ივანიშვილს?”,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკომისიას ივანიშვილის გარდა, მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდა. კერძოდ, არის მოწოდება სანქციები დაუწესდეს: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა, ალექსანდრე, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილებს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს.
წყარო:bm.ge