მომღერალი პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი სახელი ფულის საშოვნელად გამოიყენეს.
„როდესაც სიმღერა დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ჰონორართან დაკავშირებით რომ გკითხავენ, შენ არასდროს მოითხოვო რაღაც კონკრეტული თანხა, ხელოვანისთვის მთავარია სულიერი საზრდო, მაყურებელს სიამოვნებით უნდა უმღეროო. ეს მესმის და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. ისეც მომხდარა, რომ ჩემით პროდიუსერს „გაუკეთებია“ ფული და მე, ჰონორარის სახით, 80 ლარი ჩამიდეს კონვერტში. რა თქმა უნდა, ის თანხა მაშინვე უკან დავუბრუნე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
ერთხელ, ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა, თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი ეს რომ გავიგე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად“, – ამბობს პაატა თედიაშვილი.