თბილისში მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა მიმდინარეობს.
ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ მიემართებიან.
“მიჭირს ლაპარაკი ამ ემოციებით რაც აქ ხდება. სპორტის სასახლეში, გახსოვთ ალბათ ალენ დელონი იყო ჩამოსული და მთელი ვარსკვლავები საქართველოსი და საზღვარგარეთის მღეროდნენ იმ კონცერტზე, მომილოცეს და მეგონა რომ იმაზე მეტი აღარ შეიძლებოდა. თურმე ის არაფერი არ არის, ამაზე დიდი სიყვარული რაც ახლა აქ არის, არ ვიცი მე რით დავიმსახურე. ეს არის რისთვისაც ღირს ცხოვრება, ესე იგი მე მართლა კარგად მიცხოვრია აქამდე, შევეცდები ასე გავაგრძელო.
მე ეს არ გადამიწყვეტია, მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩამოვიდე და ვიდგე რუსთაველზე როცა საჭიროა, რამდენიც საჭიროა და 77 დღე, თუ არ ჩავთვლით იმ 7 დღეს, როცა ამერიკაში ვიყავი, მე ყოველდღე აქ ვიყავი და ვიქნები.
ეს არის საქართველო, იმიტომ კი არა რომ ჩემთვის მოვიდნენ და პატივს მცემენ. ჩვენ აქ შევიქმენით როგორც ერთი ოჯახი… ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან არის სამშობლო და ჩვენ ვიცავთ ამ სამშობლოს… ყოველდღე უნდა გადაიკეტოს რუსთაველი, ყოველდღე უნდა იყოს პროტესტი, ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პატიმრები გამოვიყვანოთ გარეთ და ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ ეს მავნებელი მთავრობა,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “მთავარ არხთან”.
მანამდე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად დარბაზი არ გამოუყო.