“მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესაძლოა პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.
მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი.
ვციტირებ პაციენტის სიტყვებს – “3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“. საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.
ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.
პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.
ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.
(ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ.
ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, ‘საუკეთესოობამდე’ დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ “სქილებს” ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის”, – წერს ნეიროქირურგი გიორგი სექანია.