“საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შენობაში მხოლოდ თავდამსხმელია. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, რის შესახებ, ამ დრომდე უცნობია.
“ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, აქ იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია.
გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ყვარელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთევან კოვზიაშვილმა.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებითი 16:00 საათისთვის შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას.