მალხაზ კობაური, რომელიც მსჯავრდებულია ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის, პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.
“3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, – აცხადებს მსჯავრდებული.
მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა” – განაცხადა მალხაზ კობაურმა.
შეგახსენებთ, 2018 წელს, ხადას ხეობაში მკვლელობა მოხდა. რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური. მას სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ფოტო: radotavisupleba