აქტივისტი სანდრო აბესაძე “ტვ პირველის” ეთერში “თბილისი მოლთან” განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი დეტალურად ყვება, თუ როგორ დაესხნენ თავს უცაბედად.
მისივე თქმით, თავდაპირველად, ერთ-ერთმა ნიღბიანმა ხელი კრა, რის შედეგადაც დავარდა და თავი ტროტუარის კუთხეს მიარტყა.
სანდრო აბესაძის ინფორმაციით, ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს.
დაცემის შემდეგ, გომელაურის უწყების წარმომადგენლები ახალგაზრდას თავისა და სახის არეში გამეტებით ურტყამდნენ, რის შედეგადაც გონება დაკარგა. სანდრო აბესაძე ამბობს, რომ “ვივა მედში” მოათავსეს, სადაც დაადგინა, რომ ტვინის შერყევა აღენიშნება.
“ყველაფერი მოხდა თბილისი მოლთან. მე და ჩემი მეგობრები, სეუ-ს ბავშვები წავედით აქციაზე. თავიდან სპეცრაზმელები ჩვეულებრივ იდგნენ, არაფერს არ აკეთებდნენ, მაგრამ უცებ დაიწყეს დაკავება და ხალხის დარბევა. ერთ-ერთ ასეთ კერაში მოყვნენ ჩემი მეგობრები. მე ვცადე მათკენ წასვლა და უეცრად მომადგნენ სპეცრაზმელები და მკითხეს საით მივდიოდი. ვუთხარი, რომ გადმოვიყვანდი ბავშვებს და ისევ დავუბრუნდებოდი ტროტუარს. უცებ, ორი რობოკოპი მომადგა, ორივემ ხელი მკრა. ვცდილობდი, რომ არ წავქცეულიყავი, მაგრამ მაინც დავეცი და თავი დავარტყი ტროტუარის კუთხეს. ამის შემდეგ დავკარგე გონების ნაწილი, მაგრამ მახსოვს, რომ ისინი ჩემი მიმართულებით იქნევდნენ ფეხებს, ზედაც მედგნენ, თავშიც მომხვდა რამდენიმეჯერ.
აქციაზე მყოფმა ხალხმა და ჩემმა მეგობრებმა ამაზე მოახდინეს რეაგირება და რაღაცნაირად გაიყვანეს ეს სპეცრაზმელები. მახსოვს, რომ აქციაზე მდგომი ექიმები მეხმარებოდნენ. მე გონება დავკარგე. რომ გავიღვიძე, უკვე საავადმყოფოს მანქანაში ვიყავი. გადამიყვანეს ვივამედში. ახლა სახლში ვაგრძელებ წოლით რეჟიმს, მაქვს ტვინის შერყევა. ხილული დაზიანება სახეზე არ მაქვს, მაგრამ მუხლზე მაქვს დალურჯებები. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიზანი არის ხალხის დაშინება, ხალხს რომ დაანახონ, რომ აი აქციაზე ხალხს სცემენ და არ გავიდნენ, მაგრამ ამას ყველა მივეჩვიეთ უკვე”, – ამბობს სანდრო აბესაძე.
2 თებერვალს, “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.