„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სხვადასხვა საკითხთან ერთად, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა.
„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ – ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციას და ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა ერთი საათის გამოშვებული ქალბატონი მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოარტყა…
პოლიციელს გაარტყა სილა დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით, რატომ – ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციის და პოლიციელის რეპუტაცია, პოლიციის უფროსს სპეციალურად ამიტომ დაარტყა ხელი და ამიტომ ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი – ტრენინგებზე ასწავლიან ამას, რომ მაღალჩინოსანს, მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან, მართლაც გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია მათ ხელმძღვანელს და ჩამოშალონ ასე სახელმწიფო. ამისთვის სპეციალურად იბრძვიან და უშუალო ამსრულებელი ამ სიბინძურის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, გახლდათ ქალბატონი მზია ამაღლობელი. შიმშილობა რომ უნდა დააძალონ ნაცებმა, იქნებ მოკვდეს რამენაირად და გამოვიყენოთ ეს ამბავიო, ეს მათი გეგმის ნაწილია…
უნდა განვასხვაოთ გმირი და გარე დავალების უშუალო შემსრულებელი ერთმანეთისგან. თუ ქალბატონი მზია ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა და აზრზე არ იყო, რას კადრულობდა, მაშინ, წარმოდგენა არ ჰქონია არც ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე, არაფერზე. ორი ვარიანტია: ან განზრახ მოქმედებდა უშუალო დავალებით, ან უბრალოდ წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად და ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა – ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია?! ერთიც და მეორეც არის მავნებლობა. რაც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კიდევ უფრო მავნებლები და მეტი დამნაშავეები შეიძლება იხდიდნენ სასჯელს და ნებისმიერმა მათგანმა ახლა შიმშილობა რომ დაიწყოს, სამწუხაროდ, სახელმწიფო ამას ვერ დაექვემდებარება. დიდი ბოდიში, რომ ამაზე ასე ხისტად მიწევს საუბარი, იმიტომ, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფოს ჩამოშლისთვის აუცილებელ პირობებს დაგიდებენ ხელის გულზე, პოლიციის უფროსებს სილას გააწნავენ, მერე იშიმშილებენ და თურმე, უნდა გამოუშვან.
აღკვეთის ღონისძიების მიზნებზე რომ ლაპარაკობენ ცალკე, ერთი საათის გათავისუფლებული არ იყო ადამიანი, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და რომელი აღკვეთის ღონისძიების მიზნებზე აპელირებენ და ვიღაცებს აბრუებენ?!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, 23-ე დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.