საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. პოლიტიკურ დღის წესრიგში მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დგება. ხვალ, ბიუროს სხდომაზე, “ქართული ოცნება” დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. სამუშაო ჯგუფმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება.
“არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება და უცხო აგენტურის, უცხო დაკვეთის შესრულება, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. რადიკალები, ვინც არიან დღეს ოპოზიციაში, უმრავლესობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოყოლებული 2003 წლიდან და შემდეგ, განსაკუთრებით, 2008 წლის ომი – ეს უნდა შევისწავლოთ, რასთან გვაქვს საქმე?! რა მოხდა, შეგვეძლო თუ არა აგვეცილებინა და ვინ იყო ამ ყველაფრის მამოძრავებელი?! – ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ის ნაძირალები, ვინც ჩვენი ქვეყანა ომის პირას მიიყვანა.
[პროცესი] იქნება ღია და გამჭვირვალე, ყველას ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს კითხვები და პასუხები. ქართველმა ხალხმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რასთან გვქონდა საქმე,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, “ნებისმიერი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეიქმნება, არ იქნება ლეგიტიმური.”
მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნის უზენაესს კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსზე მიუთითებს. ოპონენტებს ახსენებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა.
წყარო:rustavi2