აბუ-დაბიდან დაბრუნების შემდეგ, ლაშა გაბიტაშვილი სოციალური ქსელით პირველ განცხადებას ავრცელებს.
„სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით. ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი.
განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში.
მადლობა სანდრო ბარამიძეს – ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის.
ასევე მადლობა დაიტოვე მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ.
და ბოლოს, რათქმაუნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.
ვიცი, რომ საზოგადოებაში არის კითხვები მომხდართან დაკავშირებით – ამასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მქონდა რადიო თავისუფლებასთან და დღეს შეძლებთ რომ იხილოთ.
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს:
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!
ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს!
ვთვლი რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს.
მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით ❤️“, – წერს გაბიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე – მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძეც ჩაერთო.
აბუ-დაბის სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარეები დაკითხა. როგორც გაირკვა, ზარქუა და სანიკიძეს ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.