პოლონეთში ნასვამი მძღოლი პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა. შემთხვევა ქალაქ ბიდგოშჩის ცენტრში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძღოლმა ეს განზრახ ჩაიდინა. კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ის ადგილზე დააკავეს. გაირკვა, რომ 45 წლის დამნაშავე საქართველოს მოქალაქეა.
ინციდენტი 24 იანვარს, დაახლოებით დღის 14:30 საათზე მოხდა. კაცმა ავტომობილით შუშის კარი შეანგრია და პოლიციის განყოფილების მისაღებში შეიჭრა.
პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გააანალიზა. როგორც ბიდგოშჩის პოლიციის პრესსპიკერმა, მონიკა ხლებიჩმა, მედიას განუცხადა, დამნაშავემ სავარაუდოდ, ასე განზრახ მოიქცა. „ვიდეოდან ჩანს, რომ მან მანევრი რამდენჯერმე გაიმეორა, სანამ საბოლოოდ შენობაში არ შევარდა.“
მანქანა მისაღებში გაჩერდა, სადაც იმ დროს ერთი ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, დროულად გაიქცა და ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია.
მძღოლი პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს, საქმე ძიებაშია. “მოტივი ჯერ კიდევ დგინდება, თუმცა გვაქვს ჩვენი ვარაუდები.“ – აღნიშნა ბიდგოშჩის საქალაქო პოლიციის წარმომადგენელმა, კომისარმა ლიდია კოვალსკამ.
წყარო:ambebi.ge