თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა.
„მინდა მზია ამაღლობელს ჯანმრთელობა ვუსურვო და ნებისმიერ პატიმარს. ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, რის გამოა დაკავებული მზია ამაღლობელი? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება შეცდომა დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა, ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია როცა პოლიციელს ურტყამ ხელს?! არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია, თუნდაც სინანული. გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად – შეცდომა დავუსვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს? ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება.
როცა ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მახსოვს რომელიმე ჟურნალისტისგან, პოლიტიკოსებიდან ვინმე გამოსულიყო და ეს დაეგმო. თქვენ ხართ ფარისევლები! თქვენ არც ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ და არ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ხართ ფაშისტები და რადიკალები“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, მე-18 დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.